საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი იზრდება - ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.
2021 წლის იანვარ-მაისში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 428 ათას 500 ტონა, რაც 29 ათას 600 ტონით ანუ 7,4%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით და 24 ათას 300 ტონით ანუ 6%-ით პანდემიამდე არსებული 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. მათ შორის, 2021 წლის პირველი 5 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 217 ათას 600 ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 210 ათას 900 ტონა.
კავშირის შეფასებით, ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ზრდა განპირობებულია ბევრი სხვადასხვა ფაქტორით, რომელთაგან უმთავრესია ის, რომ მიმდინარე წელს მოსალოდნელზე უფრო მაღალი ტემპით მიმდინარეობს ეკონომიკის აღდგენის პროცესი.