გასული წელი ავტომწარმოებელთა უმრავლესობისთვის მარტივი ნამდვილად არ იყო: დეტალების უკმარისობა, საწარმოების გაჩერება და ლოგისტიკური პრობლემები კომპანიების გაყიდვებზე და შემოსავლებზე ნეგატიურად აისახა, თუმცა ცალკეულმა ბრენდებმა არათუ წლის “პლიუსით“ დასრულება მოახერხეს, არამედ საკუთარი რეკორდები გააუმჯობესეს.
ასეთებს შორისაა Bentley, რომლისთვისაც გაყიდვების კუთხით, 2021 წელი ისტორიულად რეკორდული გამოდგა. კომპანიამ გასულ წელს 14 659 ავტომობილის რეალიზება შეძლო, რაც 31%-ით მეტია 2020 წლის მაჩვენებელზე. აღსანიშნავია, რომ აქამდე Bentley-სთვის რეკორდული იყო 2020 წელი, როცა 11 206 ავტომობილის რეალიზება შეძლო.
მოდელების კუთხით, სტატისტიკურ დეტალებს კომპანია არ ასაჯაროვებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ბრენდისთვის ნამდვილი ბესტსელერი იყო უგზოობის მოდელი Bentayga - მასზე გაყიდვების 40% მოვიდა.
რაც შეეხება ბაზრებს, კომპანიამ ყველაზე მეტი ავტომობილის რეალიზება შეძლო ამერიკის ორივე კონტინენტზე, სადაც 4 212 ავტომობილი გაყიდა, მეორეზეა ჩინეთი 4 033-ით, მესამეზე კი ევროპა, სადაც კომპანიამ 2 520 ავტომობილი გაყიდა.