ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ პოლიციასა და პროკურორებს მის წინააღმდეგ "სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის" განხორციელებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს, - ამის შესახებ ინფორმაციას Timesofisrael-ი ავრცელებს.
"მე ამ ქვეყნისთვის საკუთარი სიცოცხლე დავთმე, ვიბრძოდი, დავიჭერი ამ ქვეყნის გამო. ტყუილის გამარჯვებას არ დავუშვებ და ამ ქვეყნის თავდადებით მართვას გავაგრძელებ", - აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა სატელევიზიო მიმართვისას. მისივე თქმით, პატივს სცემს ისრაელის მართლმსაჯულების სისტემას, მაგრამ ის, რაც მასთან მიმართებაში ხდება, "გადატრიალების მცდელობაა".
შეგახსენებთ, გუშინ ისრაელის გენერალურმა პროკურორმა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ქრთამის აღებისა და თაღლითობის 3 სხვადასხვა საქმეზე ბრალი წაუყენა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას ქრთამის აღების საქმეზე 10 წლიანი, თაღლითობაზე კი - 3 წლიანი პატიმრობა ემუქრება.