პარტია "ლურჯისა და თეთრის" ხელმძღვანელმა ბენი განცმა ისრაელის კოალიციური მთავრობის ფორმირება ვერ შეძლო, - ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს. იმ შემთხვევაში, თუ ისრაელის პარლამენტი 21 დღის ვადაში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურის წარდგენას ვერ შეძლებს, ქვეყანაში წელს არჩევნები მესამედ დაინიშნება.
"ბოლო 28 დღის განმავლობაში ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ჩამოგვეყალიბებინა მთავრობა, რომელიც ისრაელს ღირსეულ და ზნეობრივ ხელმძღვანელობას გაუწევდა. მემარჯვენე ბლოკი მყარად იდგა და მხოლოდ ერთი ადამიანის ინტერესების გატარებას ცდილობდა", - განაცხადა ბენი განცმა პრეს-კონფერენციაზე.
შეგახსენებთ, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ისრაელში 17 სექტემბერს გაიმართა. ნეთანიაჰუს პარტია "ლიკუდს" პარლამენტში 32 ადგილი ერგო, გენშტაბის ყოფილი უფროსის, ბენი განცის კი - 33. საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობის მოსაპოვებლად კი სულ მცირე 61 მანდატი იყო საჭირო.
კოალიციის შექმნის საკითხზე მოლაპარაკებების დაწყება ქვეყნის პრეზიდენტმა რუვენ რივლინიმ პირველ რიგში მოქმედ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დაავალა.