ბელარუსის სადაზვერვო სამსახურის ინფორმაცია ალექსეი ნავალნის მოწამვლის ფაქტის შესაძლო გაყალბების შესახებ რუსეთის ფედერალურ უშიშროების სამსახურს გადაეცა, რომელიც ანგარიშს მოამზადებს და ვლადიმერ პუტინს გააცნობს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „მასალები გუშინ გადაეცათ. ბელარუსი კოლეგების მიერ მოწოდებული დოკუმენტების შესახებ „ეფესბე“ ანგარიშს მოამზადებს და ვლადიმერ პუტინს გააცნობს. ეს ნებისმიერი სპეცსამსახურის ფუნქციაა,“- განაცხადა პესკოვმა. შეგახსენებთ, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ გუშინ განაცხადა, რომ ბელარუსის სადაზვერვო სამსახურმა ბერლინსა და ვარშავას შორის საუბრის ჩანაწერი მოიპოვა, რომელიც ამტკიცებს, რომ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის შესახებ ინფორმაცია გაყალბებულია. მისივე თქმით, ისინი ამ ჩანაწერის რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურისთვის გადაგზავნას გეგმავდნენ.