ბელარუსი მორბენალი კრისტინა ტიმანოვსკაია ტოკიოს ოლიმპიური თამაშებიდან საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებაზე უარს აცხადებს. ტიმანოვსაკია 100 მეტრზე სირბილში შეჯიბრებაზე გამოვიდა და 200 და 400 მეტრზე სირბილშიც უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა, სპორტსმენის მტკიცებით, ის ტოკიოს აეროპორტში საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ წაიყვანეს და ბელარუსში აგზავნიდნენ. მან დახმარებისთვის იაპონელ პოლიციელებს მიმართა. ტიმანოვსკაია ფიქრობს, რომ ოლიმპიადიდან მისი მოხსნის მიზეზი გუნდის ოფიციალური პირების მიმართ მის მიერ „ინსტაგრამზე“ გამოხატული პროტესტი გახდა, სადაც სპორტსმენი საუბრობდა, რომ 4X400 საესტაფეტო გარბენში უნდა მიეღო მონაწილეობა, რის შესახებაც მას მხოლოდ ცოტა ხნის წინ აცნობეს. ტიმანოვსკაიას თქმით, ზოგიერთი სპორტსმენი, რომლებსაც 4X400-ში უნდა მიეღოთ მონაწილეობა, ტოკიოში იმის გამო ვერ ჩაიყვანეს, რომ საკმარისი რაოდენობის დოპინგ ტესტები არ ჰქონდათ. ბელარუსის ოლიმპიური კომიტეტი, რომელსაც პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ვაჟი ვიქტორ ლუკაშენკო, ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ ტიმანოვსკაიას ოლიმპიადაში მონაწილეობის შეჩერება "ექიმების გადაწყვეტილებით, მისი ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო" მოხდა. მედიის ინფორმაციით, კრისტინა ტიმანოვსკაია ევროპაში თავშესაფრის მოთხოვნას აპირებს. ჩეხეთი და პოლონეთი აცხადებენ, რომ მზად არიან, სპორტსმენს ვიზა შესთავაზონ.