11:32
22 ივნისი, 2021, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
კინო
"ბეჭდების მბრძანებელი" - ფილმი, რომლის როლებიც The Beatles-ის წევრებმაც კი გადაინაწილეს
17-03-2021

პიტერ ჯექსონის „ბეჭდების მბრძანებელი“, რომელმაც კინოტრილოგიაში გააერთიანა საერთო სიუჟეტის მქონე ფილმები „ბეჭდის საძმო“ „ორი კოშკი“, „მეფის დაბრუნება“ და ქრონოლოგიურად „ჰობიტის“ პრედისტორიად იქცა, ცნობილი ბრიტანელი მწერლის ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით შეიქმნა და ერთ-ერთი უმსხვილეს პროექტად იქცა კინოს ისტორიაში.

ტოლკინის ლიტერატურულმა ტრილოგიამ 1950-იანი წლების პირველ ნახევარში, ბევრად ადრე მოიპოვა პოპულარობა სანამ პიტერ ჯექსონი მოჰკიდებდა ხელს მის ეკრანიზებას და მსოფლიოს ყველაზე ტირაჟირებული ნაწარმოების სტატუსიც შეიძინა. საკუთარ ნაწარმოებში ავტორმა ფანტასტიკური, თუმცა საოცრად რეალისტური სამყარო შექმნა და არაერთგზის აღნიშნა, რომ ბეჭდების ბრძოლა სინამდვილეში თანამედროვე სამყაროში მიმდინარეობს, კაცობრიობა კი არა მე-20, არამედ მე-7 საუკუნეში ცხოვრობს. ტოლკინის აზრი გაიზიარეს მისმა მრავალრიცხოვანმა ფანებმაც, რომელთაც ავტორის გამოგონილი ელფების ენის შესწავლა გადაწყვიტეს მთელი თავისი 25 ათასი სიტყვით.

ტოლკინის ეპოპეის ეკრანზე გადატანა პიტერ ჯექსონამდეც მრავალჯერ მოისურვეს რეჟისორებმა, თუმცა ყველა მცდელობა მარცხით დასრულდა. 1969 წელს პროექტით ბრიტანული ჯგუფის The Beatles-ის წევრები დაინტერესდნენ და როლებიც გადაინაწილეს, ჯონ ლენონს გოლუმი უნდა განესახიერებინა, პოლ მაკარტნის - ფროდო, ჯორჯ ჰარისონი განდალფის როლის შესრულებას გეგმავდა, რინგო სტარი კი, სემის პერსონაჟით დაინტერესდა. რეჟისორის სავარძელი კვარტეტმა სტენლი კუბრიკს შესთავაზა, თუმცა "კოსმოსური ოდისეის" ავტორმა ჩათვალა, რომ ვერ მოერეოდა მასშტაბურ პროექტს და უარი თქვა საინტერესო შეთავაზებაზე.

ტოლკინის არაჩვეულებრივი სამყაროს ეკრანზე გაცოცხლებას პიტერ ჯექსონი მთელი რვა წელი ცდილობდა და საბოლოოდ მაინც შეძლო ჩანაფიქრის განხორციელება. მართალია, ფილმმა შეინარჩუნა რომანის სიუჟეტურ ხაზი, მაგრამ რეჟისორის გადაწყვეტილებით სცენარისტებმა მაინც ამოიღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი ეპიზოდი და საკუთარი შესწორებები შეიტანეს, რითაც მწერლის ახლობლებს დასწყვიტეს გული.

ეკრანულმა ადაპტაციამ ყველაზე მატად ტოლკინის უმცროსი შვილი კრისტოფერი გაანაწყენა, რომელიც წლების მანძილზე ამუშავებდა მამის ჩანაწერებს. „მაოცებს ჯექსონის თავხედობა, რომელმაც სრულად გაანადგურა ნაწარმოების ესთეტიკა და მისი ფილოსოფია ფინანსური მოგების დევნაში. მძულს ის კოშმარი, რომელსაც ვიღაცამ გულუბრყვილოდ დაარქვა ტოლკინის ნაწარმოების ეკრანიზაცია და ვეცდები სამუდამოდ დავივიწყო“, - აღნიშნა მან გაზეთ Le Monde-თან ინტერვიუში.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები