ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილი კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო პოტენციურ ვაქცინაზე ჩატარებულმა ფართომასშტაბიანმა ცდამ აჩვენა, რომ ის დაინფიცირებისგან ადამიანების 70%-ს იცავს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ეს მაჩვენებელი გაცილებით ნაკლებია Pfizer-სა და Moderna-ს ვაქცინების შედეგზე, თუმცა ოქსფორდის უნივერსტიტეტის ვაქცინა გაცილებით იაფია, მისი შენახვაც უფრო იოლია და შესაბამისად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მისი ტრანსპორტირება უფრო მარტივი იქნება. ვაქცინის კანდიდატზე ჩატარებულ ცდაში 20 000-მდე მოხალისე მონაწილეობდა. ცდამ აჩვენა, რომ კორონავირუსით ვაქცინის ორი დოზით აცრილი 30 მონაწილე დაინფიცირდა, 101 ინფიცირებულს კი პლაცებო ჰქონდა გაკეთებული. აღსანიშნავია, რომ როდესაც მოხალისეებს ვაქცინის ორი დიდი დოზა გაუკეთეს, დაცვის მაჩვენებელი 62%-ი იყო, მაგრამ როდესაც პირველად ვაქცინის მცირე, შემდეგ კი - დიდი დოზა გაუკეთეს, ეს მაჩვენებელი 90%-მდე გაიზარდა. მკვლევარები ამ განსხვავების მიზეზს ჯერჯერობით ვერ ხსნიან.