„კოვაქსის“ სქემის საშუალებით ამ დროისთვის ქვეყნებს ვაქცინების 49 მილიონზე მეტი დოზა აქვთ მიწოდებული, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ ზრდასრული მოქალაქეების უმეტესობის ვაქცინაციის უზრუნველსაყოფად მომავალი წლის განმავლობაში დამატებით 35–45 მილიარდი აშშ დოლარია საჭირო.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას საგანგებო გამოყენების ავტორიზაცია ხუთ ვაქცინაზე აქვს გაცემული, რაც ვაქცინის „კოვაქსის“ სქემაში გამოყენების აუცილებელი პირობაა.
ბოლო ვაქცინა, რომლის გამოყენებაზეც ჯანმო-მ ნებართვა გასცა, ამერიკული წამლის მწარმოებელი კომპანია „მოდერნას“ ვაქცინაა, რომელიც 500 მილიონი დოზა ვაქცინის მიწოდებაზე „კოვაქსთან“ შეთანხმების გაფორმებას დასთანხმდა, თუმცა ამ დოზების ძირითადი ნაწილის მიწოდება 2022 წლამდე ვერ მოხდება.
„კოვაქსის“ პროგრამის ფარგლებში ჯერჯერობით მხოლოდ „ფაიზერისა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინების მიწოდება ხდება.
„კოვაქსის“ სქემა გასულ წელს შეიქმნა და მისი მიზანი მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის ვაქცინების სამართლიანად განაწილების უზრუნველყოფაა.