მიმდინარე წლის ბოლო მონაცემებით ბაზარზე 56 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებს, რაც წინა წელთან შედარებით 16 -ით ნაკლებია. მისოების შემცირება ბაზრის მოთამაშეების შეშფოთებას იწვევს. კერძოდ, როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ ბაკურაძე ამბობს, აუცილებელია, რომ ეროვნულმა ბანკმა იზრუნოს დაბალანსებულ ფინანსურ სექტორზე, სადაც იქნებიან, როგორც ძლიერი ბანკები, ისე არასაბანკო დაწესებულებები.ცნობისთვის, 2019 წლის იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში 65 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო რეგისტრირებული, თებერვლის მონაცემებით - 63 მისო; მარტ-აპრილში - 61; მაისში კი 58 მისო ფუნქციონირებდა; ხოლო 29 ივნისის მდგომარეობით ქვეყანაში 56 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა რეგისტრირებული. აღსანიშნავია, რომ წლიურად მიკროსაფინანსო ორგანიზაციათა რაოდენობა უკვე 16-ით არის შემცირებული. კერძოდ, გასული წლის ივნისის მდგომარეობით, საქართველოში 72 მისო იყო რეგისტრირებული.