2019 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა ბაზრების და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული 208 ეკონომიკური სუბიექტი. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. 2019 წლის მონაცემებით, საქართველოში მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე 55 ათას 700 სავაჭრო ადგილია, სადაც საშუალოდ ერთ დღეში 45 ათას 100 კაცი ვაჭრობს.
„საქსტატის“ ცნობით, გასულ წელს ბაზრების, ბაზრობების და ბაზრობის ტიპის საწარმოების შემოსავლებმა 166 მილიონ 500 ათასი ლარი შეადგინა. ბაზრობების ტერიტორიაზე მოვაჭრე ეკონომიკური სუბიექტების მიერ ვაჭრობის უფლებისათვის გადახდილია 50 მილიონ 400 ათასი ლარი, რაც ბაზრობების დირექციების შემოსავლების 30,3 პროცენტს შეადგენს. 63,3 პროცენტს შეადგენს შემოსავლები სავაჭრო ფართის გაქირავებიდან, ხოლო 6,4 პროცენტი - სხვა სახის შემოსავლებს მიეკუთვნება.
ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, 2019 წელს ბაზრობის ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტების დანახარჯებმა 99 მილიონ 600 ათასი ლარი შეადგინა, აქედან შრომის ანაზღაურება დასაქმებულ პერსონალზე 29 მილიონ 300 ათასი ლარია.