8 მაისს, გლდანში, ოთხი წლის ბიჭუნა საცხოვრებელი სახლის მერვე სართულიდან გადმოვარდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ბავშვი შემთხვევის დროს სუპერგმირის - "ადამიანი ობობას" ფორმაში იყო გამოწყობილი.ბიჭი სასწაულებრივად გადარჩა, ის იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში მძიმე, თუმცა სიცოცხლესთან თავსებადი დაზიანებებით შეიყვანეს. მკურნალი ექიმის თქმით, მცირეწლოვანს სხეულის შიდა ორგანოების დახურული ტრავმები აღენიშნებოდა, ჰქონდა ღვიძლისა და ფილტვის დაჟეჟილობა; გარდა ამისა, ჰქონდა ტვინის შერყევა. ერთკვირიანი ინტენსიური მკურნალობის შემდეგ, მცირეწლოვანი სახლში გაწერეს. სამართალდამცველები მომხდართან დაკავშირებით მოკვლევას აწარმოებენ, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ბავშვი უბრალოდ თავის საყვარელ სუპერგმირს ბაძავდა.