ექიმის არაზუსტმა დიაგნოზმა 3 წლის ბავშვის ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დააყენა. კლინიკაში ტრავმით შეყვანილი მცირეწლოვანი ბავშვის მდგომარეობაზე ტრავმატოლოგმა ვარაუდი გამოთქვა, რომ ერეკლე მელაძის მდგომარეობა მძიმე არ იყო, რასაც კინაღამ ბავშვის კიდური შეეწირა. ხელის მოტეხილობის შემდეგ, პატარა მისმა მშობლებმა რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში შეიყვანეს, შემდეგ კი, იმ იმედით რომ ბავშვს ყველა საჭირო გამოკვლევა ჩაუტარდა, სახლში წაიყვანეს. მოგვიანებით აღმოჩნდა რომ ბავშვის მდგომარეობა დამძიმდა, რის შემდეგაც ის, თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ბავშვს რომელსაც ოპერაცია ესაჭიროებოდა რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ტრავმატოლოგმა ლუარსაბ მეტრეველმა მხოლოდ თაბაშირი დაადო. თავად ექიმი თავს დამნაშავედ არ ცნობს, თუმცა აქვე იმასაც ამბობს, რომ ოპერაცია რომელიც აუცილებელი იყო, არ ჩაუტარებია. იგივე წერია მის მიერ გამოწერილ ფორმა ასში, სადაც აღნიშნულია, რომ ბავშვს არა ოპერაცია, არამედ კონსულტაცია ჭირდება. ტრავმატოლოგი იმასაც აღიარებს, რომ შესაბამისი პროცედურების და ბავშვებთან ოპერაციის ჩატარების კვალიფიკაცია მას არ აქვს, თუმცა საპიროსპიროს ამტკიცებს თავად იმ საავადმყოფოს ადმინისტრაცია, სადაც ექიმი მუშაობს. დარღვევა აღმოჩნდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის შევსებულ ხარჯთაღრიცხვაშიც, სადაც მითითებულია, რომ ექიმმა პაციენს ნოვოკაინი გაუკეთა, თუმცა ტრავმატოლოგი აღიარებს რომ პაციენტს ანესთეზია არ გაჰკეთებია. დაზარალებული მშობლები დავის სასამართლოში გაგრძელებას გეგმავენ.