მშობლებს ხშირად ეჩვენებათ, რომ მათი შვილები არაფერს ჭამენ. სინამდვილეში არ შეიძლება, ჯანმრთელ ადამიანს ჭამის სურვილი გაუქრეს. თუ ბავშვი არ ჭამს, ეს შესაძლოა გარემოს, დღის რეჟიმის ცვლილების, ავადმყოფობის, კვებათა შორის სასუსნავის მიღების ბრალი იყოს.უფროსებს შესწევთ ძალა, ბავშვებს ჭამა აიძულონ, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ხელს შეუწყობს საკვებისადმი ნეგატიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას და საბოლოოდ შესაძლოა ნერვულ აშლილობამდე და კვების დარღვევამდეც მიგვიყვანოს. ძალდატანებისას ბავშვი ვეღარ აკონტროლებს საკუთარ შეგრძნებებს და ჭამს არა სიმაძღრის შეგრძნების აღმოცენებამდე, არამედ მანამდე, სანამ უფროსები კმაყოფილნი არ დარჩებიან მისი ულუფით, მშობლების მზრუნველობას კი აღიქვამს როგორც მისი პიროვნების კონტროლს, რაც აუცილებლად გამოიწვევს პროტესტსა და კონფლიქტს.
ბავშვის ორგანიზმი ისეა მოწყობილი, რომ თავად განსაზღვრავს, როდის და რამდენი ჭამოს. რასაკვირველია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უფროსებმა ყურადღება არ მივაქციოთ ბავშვის მენიუს - ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ პატარას ბალანსირებული კვება, შევუდგინოთ ყველა აუცილებელი კომპონენტის შემცველი რაციონი.
არც ერთ შემთხვევაში არ არის რეკომენდებული ძალდატანება. უმჯობესია ვკითხოთ ბავშვს, რომელი კერძი ურჩევნია, რას შეჭამს სიამოვნებით. დროებითი უმადობა არ არის განგაშის საფუძველი - მოზრდილებიც ხომ იცვლიან დროდადრო ჩვეულ მენიუს.