სამართალდამცველებმა აჭარაში წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნებით ვაჭრობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ „პალიტრანიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დაკავებულები ბოლო 1 წლის განმავლობაში, შვილებს და დისშვილებს, 6-დან 12 წლამდე ასაკის 4 არასრულწლოვანს იძულებით, ფსიქიკური ზეწოლისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენების გზით, სისტემატური მეთვალყურეობის ქვეშ, მოქალაქეებისგან მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ, ხოლო მათ მიერ გამომუშავებულ თანხებს მთლიანად ითვისებდნენ. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.