ბათუმში, გენერალ აბაშიძის ქუჩაზე აფეთქებისას დაშავებული, რომელიც ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში იყო მოთავსებული, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა. აღნიშნულის შესახებ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განაცხადეს. რაც შეეხება, მეორე დაშავებულს, ის კლინიკა "მედინაში" მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მას სხეულის 90% დამწვარი აქვს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, მისი მდგომარეობა მძიმეა.
გუშინ ბათუმში, გენერალ აბაშიძის ქუჩაზე თხევადი გაზის სადგურში აფეთქება მოხდა. მიმდებარე ტერიტორიაზე ორი საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა, ხოლო ორი მნიშვნელოვნად დაზიანდა. მომხდარის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ფაქტზე შსს გამოძიებას აწარმოებს.