ბათუმში 28 წლის მელანო ფუტკარაძის კლინიკაში გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, სამედიცინო რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები კლინიკა "მედცენტრსა" და "რეფერალურ საავადმყოფოში" შევიდნენ. როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ "პალიტრანიუსს" განუცხადა, პაციენტისთვის ჩატარებული მომსახურების შესწავლასთან დაკავშირებით, სამედიცინო რეგულირების სააგენტოს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ მიმართა. რაც შეეხება კლინიკებს, ამ დროისათვის მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ. 28 წლის მელანო ფუტკარაძემ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოს რამდენიმე დღის წინ მუცლის მწვავე ტკივილით მიმართა. გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრების თქმით, გოგონა ექიმების რეკომენდაციით მეორე დღეს კლინიკიდან სახლში გაწერეს, სადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. მელანო ფუტკარაძე მეორე დღეს უკვე კლინიკა "მედცენტრში" მიიყვანეს, სადაც გარდაიცვალა. ოჯახი რეფერალური საავადმყოფოს ექიმებს გულგრილობაში ადანაშაულებენ.