ბათუმის პორტში იტალიის სამხედრო-საზღვაო ფლოტის სასწავლო-საწვრთნელი გემი Palinuro შემოვიდა, სადაც 26 აგვისტომდე გაჩერდება. საქართველოში იტალიის საელჩოს ინფორმაციით, გემი Palinuro ჩართულია 54-ე საწვრთნელ კამპანიაში და ამჟამად მასზე სწავლებას გადის ტარანტოს საზღვაო უნტერ-ოფიცერთა სკოლის კურსის Kratos-ის 33 კურსანტი. ისინი შეისწავლიან საზღვაო-სანაოსნო მეცნიერებებს და იძენენ უშუალო გამოცდილებასა და საზღვაო სფეროს სპეციალისტების შემდგომი დასაქმებისათვის აუცილებელ და სათანადო პროფესიულ ჩვევებს. გემი ტარანტოს პორტიდან 23 ივლისს გამოვიდა და კოსის, სტამბოლისა და კოსტანცას ნავსადგურებში გაჩერების შემდეგ, ბათუმში შემოვა. ბათუმიდან გაემგზავრება კეფალონიაზე და ამის შემდეგ დაბრუნდება იტალიაში, ჯერ რეჯო კალაბრიაში, შემდგომ კი ლივორნოში, სადაც დასრულდება კურსანტების საწვრთნელი კამპანია.