ნიკოლოზ ბასილაშვილმა მონრეალის მასტერსის პირველ წრეში მსოფლიოს 28-ე ჩოგანი დუშან ლაიოვიჩი დაამარცხა. მატჩი ორ საათზე მეტს გაგრძელდა და ქართველის გამარჯვებით 3 სეტში 3:6, 6:4, 6:4 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილი ლაიოვიჩს მეხუთედ შეხვდა და მეოთხედ დაამარცხა. მომდევნო წრე ხვალ გაიმართება, მე-16 ფინალში, ნიკა გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს შეხვდება, რომელმაც ფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგას 6:2, 6:2 მოუგო. ბასილაშვილი და შტრუფი აქამდე ერთმანეთს ორჯერ დაუპირისპირდნენ, ერთხელ ქართველმა იმარჯვა, ხოლო ერთხელ გერმანელმა. ტურნირის საპრიზო ფონდი 5 701 945 დოლარია, გამარჯვებული კი 1 049 040 დოლარსა და 1000 სარეიტინგო ქულას მიიღებს.