39 წლის ბიძინა ჩაჩხიანს, რომელმაც ღამის კლუბში, "ბასიანზე" ცეცხლი გახსნა, ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ.ჩაჩხიანს კლუბ "ბასიანთან" 3 პირის დაჭრის ფაქტზე 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, 12 იანვარს, კლუბ "ბასიანის" შესასვლელთან ცეცხლასროლი იარაღიდან განახორციელა რამდენიმე გასროლა, რის შედეგადაც ჭრილობები მიაყენა 3 პირს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულს, ურთიერთდაპირისპირება მოუვიდა "ბასიანში" დიჯეისთან, რის შემდეგაც დაცვამ ის კლუბიდან გაიყვანა. აღნიშნულმა პირმა ტერიტორია დატოვა, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ კვლავ კლუბის ტერიტორიაზე დაბრუნდა და იარაღიდან გაისროლა. დაშავებული ახალგაზრდებიდან ორი მამაკაცი ერთი კი ქალია. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ბიძინა ჩაჩხიანი სამართალდამცველებმა საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ცხელ კვალზე აიყვანეს.