კლუბ "ბასიანთან" 3 პირის დაჭრის საქმეზე დაკავებულ ბიძინა ჩაჩხიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა გამოაცხადა.
მან გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას, დაცვის მხარე კი ბიძინა ჩაჩხიანის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.
კლუბ "ბასიანთან" 3 ადამიანის დაჭრისთვის დაკავებულ ბიძინა ჩაჩხიანს ბრალი ოფიციალურად 13 იანვარს წარედგინა. ჩაჩხიანის ბრალდება 9-დან 13-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს ინფორმაციით, ბიძინა ჩაჩხიანმა 12 იანვარს, კლუბ "ბასიანის" შესასვლელთან ცეცხლსასროლი იარაღიდან 15-ჯერ განახორციელა გასროლა, რის შედეგადაც ჭრილობები მიაყენა 3 პირს და ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბიძინა ჩაჩხიანი ცხელ კვალზე, მისივე საცხოვრებელ სახლთან დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის ცეცხლსასროლი იარაღი, 6 ცალი დანა და 23 ცალი ვაზნა.