კატალონიის რეგიონალურმა მთავრობამ კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდის გამო სასამართლოებს მიმართა და იმ ტერიტორიებზე, სადაც შვიდდღიანი პერიოდის განმავლობაში ინფიცირების მაჩვენებელი ყოველ 100 000 მოსახლეზე 400-ს აღემატება, „კომენდატის საათის“ 01:00-დან 6:00 საათამდე დაწესების ნებართვა ითხოვა.
რეგიონის უზენაესმა სასამართლომ მთავრობის თხოვნა დააკმაყოფილა, რაც იმას ნიშნავს, რომ „ღამის კომენდატის საათი“ 161 მუნიციპალიტეტში იმოქმედებს. „კომენდატის საათი“ მიმდინარე შაბათ-კვირას ამოქმედდება და 23 ივლისამდე დარჩება ძალაში, თუმცა კატალონიის მთავრობას მისი გახანგრძლივების მოთხოვნა შეუძლია.
კატალონიის რეგიონში დაინფიცირების მაჩვენებელი ყოველ 100 000-ს მოსახლეზე 1 107-ს აღწევს. ინფიცირების შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა „დელტა“ ვარიანტის გავრცელებასთანაა დაკავშირებული.