ბარათაშვილის ქუჩაზე, დღეიდან, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდა. ქუჩაზე 65 საპარკინგე ადგილით ხუთი ლოკაციაა გამოყოფილი, სადაც ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირება ფასიანი იქნება და 1 საათი - 1 ლარი ეღირება. ზონალური პარკინგის ადგილებზე ავტომობილის მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ, სატრანსპორტო საშუალება 15 წუთით უფასოდ გააჩერონ. ასევე, გამოყოფილია უფასო ადგილები ტაქსის მძღოლებისთვის და შშმ პირთათვის. იმ პირებს კი, რომელთაც ზონალური პარკირების არეალში უძრავი ქონება გააჩნიათ, 100 მეტრის რადიუსში, ორ ავტომობილზე უფასო პარკირებით ისარგებლებენ. რაც შეეხება პარკინგის საშვს, მისი შეძენა სწრაფი გადახდის აპარატებში, ასევე, თბილისის პარკინგის ვებგვერდზეა შესაძლებელი.