2021 წლის იანვარ-ნოემბერში მომხმარებლების მხრიდან კომერციული ბანკების წინააღმდეგ 21 709 საჩივარი დაფიქსირდა, მაშინ როცა 2020 წლის 11 თვეში ბანკების მიმართ 18 121 საჩივარი დაიწერა.
პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში შესული პრეტენზიებიდან 14 610 ტრანზაქციებზე მოდის; შემდეგია ადმინისტრაცია/მომსახურება - 2 282 განაცხადი და ა.შ.
ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის იანვარ-ნოემბერში 21 709 საჩივრიდან ბანკებმა 16 451 განაცხადი - უსაფუძვლოდ, 4 617 - საფუძვლიანად მიიჩნიეს; 541 განაცხადის შემთხვევაში განხილვა ისევ მიმდინარეობს. 100-ის შემთხვევაში კი განხილვა დასრულებულია, პრეტენზია მიჩნეულია საფუძვლიანად, თუმცა პრობლემა არ არის აღმოფხვრილი.
ცნობისთვის, მომხმარებელთა ცხელი ხაზი ეროვნულ ბანკში 2011 წლიდან მოქმედებს. პრეტენზიების სტატისტიკაც ამის შემდეგ იწარმოება.