საქართველოში კომერციული ბანკები სესხებს ძირითადად დედაქალაქში გასცემენ. კერძოდ, ეროვნული ბანკის 1-ლი ივლისის მონაცემებით, გაცემულ სესხებში თბილისზე 73,6% მოდის და მხოლოდ 26,4% დანარჩენ რეგიონებზე. სებ-ის სტატისტიკით, 1-ლი ივლისისთვის ბანკების მიერ როგორც ეროვნულ, ასევე უცხოურ ვალუტაში მთლიანად გაცემულია 28 მილიარდ 867 მილიონი ლარი, საიდანაც თბილისში გაცემული სესხის მოცულობა 21 მილიარდ 263 მილიონ ლარს შეადგენს.
2019 წლის 1-ლი ივლისის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით ეროვნულ ვალუტაში სულ 12 მილიარდ 557 მილიონ 862 ათასი ლარის სესხი გაიცა, აქედან 7 მილიარდ 886 მილიონ 544 ათასი ლარი თბილისში. დედაქალაქის შემდეგ, ყველაზე მეტი სესხი იმერეთში გაიცა. კერძოდ, მილიარდ 11 მილიონ 898 ათასი ლარი, რაც მთლიანი საკრედიტო პორტფელის 8%-ს შეადგენს. მესამე ადგილზე კი აჭარაა, ჯამში, 901 მილიონ 383 ათასი ლარის ოდეობის გაცემული სესხით, რაც მთლიანი საკრედიტო პორტფელის 7,1%-ია.