ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით აზერბაიჯანული ნავთობის ექსპორტი, იანვართან შედარებით, თებერვალში, შესაძლოა, შემცირდეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
Reuters-ის მიერ მოპოვებული ახალი გრაფიკის მიხედვით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის გავლით, თურქეთის პორტ ჯეიჰანიდან აზერბაიჯანის ნედლი ნავთობის ექსპორტის მოცულობა თებერვალში 14,72 მლნ ბარელამდე არის შემცირებული, მაშინ, როცა იანვრის საექსპორტო მოცულობა 17,27 მლნ ბარელს შეადგენს.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის საერთო სიგრძე 1768 კილომეტრია, საიდანაც 443 კმ აზერბაიჯანის, 249 კმ საქართველოს, ხოლო 1076 კმ თურქეთის ტერიტორიაზე გადის. მილსადენის მშენებლობა 2003 წლის აპრილში დაიწყო, ხოლო ნავთობით ის 2005 წლის 18 მაისს შეივსო.ბრიტანული ნავთობკომპანია BP-ის 2021 წლის 12 დეკემბრის მონაცემებით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის მთლიანმა ექსპორტმა 500 მილიონ ტონას მიაღწია.