ქუთაისის ბაგრატის ტაძარში წყალი ჩადის. 11 საუკუნის წინანდელი ტაძარი მოხატული არ არის, შესაბამისად, ფრესკების დაზიანების საშიშროება არ არსებობს. სასულიერო პირების ინფორმაციით, წყლის ჩამოსვლის კვალი დღეს შენიშნეს. მათივე ინფორმაციით, წყლის ჩამოსვლის შესახებ უკვე ეცნობა კომპანიას, რომელმაც ტაძრის გადახურვის სამუშაოები შეასრულა და გამოდარებისთანავე კომპანია დაზიანებულ სახურავს უსასყიდლოდ შეაკეთებს. ტაძრის რეაბილიტაცია და თანამედროვე კონსტრუქციით შემინვა მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით 2009-2012 წლებში მოხდა. ამის გამო ისტორიული ძეგლი იუნესკომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან მოხსნა. რეაბილიტაციის დროს ბაგრატის ტაძარზე შემინული ლიფტიც ჩაამონტაჟეს. 2010 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა ბაგრატის ტაძარი საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიაში ჩარიცხა. მიზეზი ტაძარზე დაწყებული სარეკონსტრუქციო სამუშაო გახდა, რომელმაც შენობის ავთენტურობა და მთლიანობა დაარღვია.