თბილისის პროკურატურამ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ორი ყოფილი მაღალჩინოსანი - დავით ქოქაშვილი და ილია გამგებელი დააკავა, პატიმრობაში მყოფ ლევან ქარდავას კი ბრალი წარუდგინა. აღნიშნული პირებისადმი ბრალის დადგენილების გამოტანის საკითხზე განცხადებას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალად ედებათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და განზრახ უკანონო დაკავება. ამასთან, საგამოძიებო უწყება ბრალის წარდგენას გეგმავს კუდ-ის კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსნის, პატიმრობაში მყოფი გიორგი დგებუაძის, მეტსახელად მასტერას მიმართ, თუმცა პროკურატურის განმარტებით, ვინაიდან მისი საქართველოში ექსტრადიცია ნიდერლანდებიდან განხორციელდა, უწყებას დევნის დასაწყებად ექსტრადირების განმახორციელებელი ქვეყნის თანხმობა სჭირდება.