"თიბისი ბანკის" დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის გია ვოლსკის წინააღმდეგ პატივისა და ღირსების შელახვისთვის სასამართლოს მიმართავს და მოითხოვს, რომ მას ფინანსური სანქცია, 221 952 ლარის ოდენობით დაეკისროს.
ბადრი ჯაფარიძე მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ მასსა და ხაზარაძის წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს. მისი თქმით, "ქართული ოცნების" ლიდერები მათი რეპუტაციის შესალახად ახალ ახალ ისტორიებს თხზავენ და როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, ამ მხრივ გია ვოლსკი ყველაზე მეტად გამოირჩევა.
ბიზნესმენის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მათი მისამართით ცილისწამებას არ იშურებს და აბსურდულ ბრალდებებს საჯაროდ რეგულარულად გამოთქვამს.