თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას განცხადებით, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ე.წ. მატროსოვის ციხეში მასთან შეთავაზებით პირადად იყო შესული. როგორც ახალაიამ განაცხადა, მან "ქართული ოცნებისგან" არაერთი შეთავაზება მიიღო, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა, თუმცა „ყველა უსინდისო შეთავაზებას ღირსეული პასუხი გასცა“. „ამ ხელისუფლების მხრიდან იყო უსინდისო შემოთავაზებები. ყველა უსინდისო შინაარსის შემოთავაზებაზე ჩემგან იყო ღირსეული პასუხი. ასე დამთავრდა ეს ისტორია. დეტალებს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ეს იყო უსინდისო შემოთავაზებები. ღირსეული პასუხით წავიდნენ უკან. ციხეში იყვნენ შემოსული. მიმიღია შემოთავაზებები ღარიბაშვილისგან, როცა ის შს მინისტრი იყო, დაცვის უფროსი ჩუბინიძისგან. აქ გასაკვირი არაფერია“, – განაცხადა ბაჩო ახალაიამ და დასძინა, რომ შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრი შეთავაზებით პირადად იყო შესული ე.წ. მატროსოვის ციხეში. "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის კითხვაზე, შესთავაზეს თუ არა მას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა, ახალაიამ ასე უპასუხა:„რასაც ამბობთ დაახლოებით ეს იყო“.