აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად წელს 15 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსის ნიკოლოზ მესხის განცხადებით, აღნიშნული თანხა შესაწამლი პესტიციდების, ზურგსაკიდი შემასხურებელი აგრეგატების შეძენას დასჭირდა, ასევე, 3 000-მდე ადამიანი დასაქმდა მავნებლის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების განსახორციელებლად. ამ მომენტისათვის აზიური ფაროსანა უკვე გამოსაზამთრებლად თბილ ადგილებში იწყებს გადასვლას. მავნებელთან ბრძოლის წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება გაზაფხულიდან გაგრძელდება, როდესაც ფაროსანა გამრავლებისა და კვებისათვის მწვანე მცენარეებზე ისევ გადაინაცვლებს. ბოლო მონაცემებით, დასავლეთ საქართველოს ოთხ რეგიონში 110 ათასი ჰექტარი ფართობი შეიწამლა.