აზერბაიჯანში „გამარჯვების დღედ“ ქალაქ შუშის ოკუპაციისგან გათავისუფლების დღე, 8 ნოემბერი დააწესეს, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„8 ნოემბერს აზერბაიჯანის მარგალიტის, შუშას გათავისუფლებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ომის ბედზე და მტრის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის მარცხი და საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა განაპირობა“, - ნათქვამია აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 8 ნოემბრის „გამარჯვების დღედ“ გამოცხადების შესახებ ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა. შეგახსენებთ, მანამდე აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ალიევმა ხელი მოაწერა ბრძანებას 10 ნოემბრის გამარჯვების დღედ დაწესების შესახებ.