აზერბაიჯანმა და სომხეთმა მთიანი ყარაბაღის რეგიონში განლაგებული რუსი სამშვიდობო ძალების შუამავლობითა და მონაწილეობით ერთმანეთს ბრძოლის ველზე დაღუპულთა ცხედრები გადასცეს, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სომხეთმა აზერბაიჯანს 6 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი გადასცა. თავის მხრივ, სომხურ მხარეს ცხედრები აზერბაიჯანმაც გადასცა, თუმცა უწყებაში რაოდენობას არ აკონკრეტებენ. დაღუპულების ცხედრების გადაცემას აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის გაფორმებული შეთანმების ერთ-ერთი პუნქტი ითვალისწინებს. აზერბაიჯანული მედია ასევე იუწყება, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა, რომლებიც აღდამის რეგიონს ტოვებენ, პოზიციებს, სადაც განლაგებულები იყვნენ, ცეცხლი წაუკიდეს. მათივე ინფორმაციით, სომეხმა ჯარისკაცებმა ხანძარი აღდამის რეგიონის სოფელ ბაშ-გარვანდში განთავსებულ პოზიციებზე გააჩინეს.