აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ რამდენიმე სომეხ ბიზნესმენზე, მთიან ყარაბაღში იარაღის კონტრაბანდული გზით შეტანის გამო, საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.
მედიის ცნობით, გენერალურმა პროკურატურამ მოკვლევა დაიწყო ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ მთიან ყარაბაღში იარაღის, საბრძოლო მასალისა და სამხედრო ტექნიკის უკანონო ტრანსპორტირება ხორციელდებოდა.
აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და გამოძიება გენერალური პროკურატურის საგამოძიებო დეპარტამენტს დაევალა. უწყების განმარტებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბიზნესმენები: სამველ კარაპეტიანი, დავით გალუსტიანი და არა აბრამიანი, სხვა პირებთან ერთად, სომხეთის შეიარაღებული ძალების იარაღით მომარაგების მიზნით 2001-2021 წლებში სომხეთის და ოკუპირებულ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე იარაღის კონტრაბანდული გზით შეტანას ახორციელებდნენ.