საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გახსნას პუნქტები, რომლებიც ამ დროისთვის იყო დაკეტილი. იგი გამოეხმაურა აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ სამონასტრო კომპლექსამდე მისასვლელი მონაკვეთის დაკეტვას. მინისტრის თქმით, ქართულ მხარეს ინფორმაციის მიღებისთანავე ჰქონდა მყისიერი რეაქცია. მისივე თქმით, ქართული მხარე მომავალში იმუშავებს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციაზე. მინისტრის განმარტებით, პროცესი კომისიებში ცვლილებების გამო იყო შეფერხებული. ზალკალიანი იმედოვნებს, რომ პროცესი უახლოეს მომავალში დაიწყება და საკითხი ორ მხარეს შორის მოლაპარაკების გზით მოგვარდება. ამ საკითხზე კომენტარი პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც გაკეთდა. მათი შეფასებით, აუცილებელია ორ ქვეყანას შორის საზღვრის დადგენის საკითხი საბოლოოდ მოგვარდეს. -