შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2019 წლის 1-ლი კვარტლის საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო, გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების სტატისტიკა გამოაქვეყნა. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, საანგარიშო პერიოდში გამონაბოლქვის გამო, მხოლოდ 1 ჯარიმაა გამოწერილი. კერძოდ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევა დედაქალაქში დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, რომ ავტომობილი მუქი გამონაბოლქვის შემთხვევაში ტექინსპექტირებას ვეღარ გაივლის. ამის შესახებ ცვლილება ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეგლამენტში უკვე შევიდა. კერძოდ, ცვლილების თანახმად, ბენზინის ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება დახარვეზდება, თუკი ვიზუალური შემოწმებისას მოჭარბებული კვამლის შეფერილობა იქნება შავი, ნაცრისფერი ან ლურჯი. ამასთან, ანალოგიურად შემოწმდება დიზელის ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებებიც.