ავტომობილების გაქირავების უმსხვილესმა კომპანიამ Hertz-იმ თავი გაკოტრებულად გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. კომპანია კოროვირუსული პანდემიის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური ვარდნის კიდევ ერთი მსხვერპლი გახდა.
CNN-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის Hertz-ის ოფისები მუშაობას ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობენ და ემსახურებიან მომხმარებლებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ისინი ამ ბიზნესში დარჩებიან, გაკოტრების შესახებ განაცხადის გაკეთება კი მათ ვალების რესტრუქტურიზაციის საშუალებას მისცემს.
როგორც CNN-ი წერს, Hertz-ის გაკოტრება ალბათ, ყველაზე რეზონანსულია COVID-19– ის ეპოქაში. ცოტა ხნით ადრე შეერთებულ შტატებში ტანსაცმლის ცნობილი რითეილერები - JCPenney, Neiman Marcus და J.Crew, ასევე ენერგეტიკული კომპანიები Whiting Petroleum და Diamond Offshore Drilling, იძულებულნი იყვნენ თავი გაკოტრებულად გამოეცხადებინათ. თუმცა, გამოცემის ინფორმაციით, არცერთ მათგანს ბაზარზე ისეთი დიდი წილი არ ჰქონდა, როგორც Hertz-ს. მსოფლიოს მასშტაბით Hertz-ი ფლობს დაახლოებით 568 ათას მანქანას და 12 ათას 400 გაქირავების ადგილს (ფრენჩაიზის ჩათვლით).