ავტომობილებით ვაჭრობის ბრუნვამ 2019 წელს 2 მილიარდ 700 მილიონი ლარი შეადგინა, არაფორმალური სექტორის გათვალისწინებით კი, ეს მაჩვენებელი 3 მილიარდ 900 მილიონ ლარამდე იზრდება. ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ მიერ საქართველოში ავტომობილების ბიზნესის შესახებ გამოქვეყნებულ მიმოხილვაშია ნათქვამი.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, მეორადი ავტომობილებით ვაჭრობას ავტომობილების ვაჭრობის ფორმალური სექტორის 38%, ხოლო არაფორმალური სექტორის გათვალისწინებით, ჯამური ბრუნვის 58% უკავია.
მათივე ცნობით, 2020 წელს ავტომობილების შიდა გადაყიდვები წლიურად 18%-ით 226 ათას მანქანამდე შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს ავტომობილების გადაყიდვები მკვეთრად შემცირდა, ავტომობილებზე საშუალო ფასებმა მხოლოდ 5%- ით დაიკლო, ზოგიერთ ბრენდზე კი ფასები პირიქით, გაიზარდა. ავტო-დილერების განმარტებით, მეორადი ავტომობილების ფასები გაიზარდა ონლაინ ავტო-აუქციონებზე, რაც ბაზარზე პანდემიით გამოწვეულ ცვლილებებს უკავშირდება.