უკრაინაში მომიტინგეები იმ ავტობუსებს დაესხნენ თავს, რომლებითაც ჩინეთიდან მოქალაქეების ევაკუაცია ხორციელდებოდა.
მედიის ინფორმაციით, ქალაქ ნოვიე-სანჟარიში ათეულობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ჩინეთიდან მოქალაქეების ევაკუაცია ქალაქში ვირუსის გავრცელებას გამოიწვევდა. მათ ავტობუსებს ქვები დაუშინეს. დილიდან მომიტინგეებმა საბურავები დაწვეს და გზები გადაკეტეს, ავტობუსები, რომლებითაც ევაკუირებულები გადმოყავდათ, ქალაქში სპეცრაზმის დახმარებით შევიდნენ და მათ აქციის მონაწილეებმა ქვები დაუშინეს.
გავრცელებული ინფორმაციით, სპეცრაზმსა და მომიტინგეებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად 9 სამართალდამცავი და ერთი მოქალაქე დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. დაკავებულია აქციის ათზე მეტი მონაწილე. სიტუაციის გაკონტროლების მიზნით ადგილზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრები ჩავიდნენ.
ცნობისათვის, ჩინეთის ქალაქ უხანიდან ხარკოვის რაიონში 45 უკრაინელისა და 27 უცხოელის ევაკუირება განხორციელდა. უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის, ზორიანა სკალეცკას, თქმით, ყველა მათგანი თავს კარგად გრძნობს, თუმცა სახლებში დაბრუნებამდე ქალაქ ნოვიე-სანჟარის საავადმყოფოში 14 დღიანი კარანტინი უნდა გაიარონ.