ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელის ადვოკატმა პროკურატურაში ბრალის დადგენილება ჩაიბარა. როგორც ბიზნესმენის ადვოკატმა კახა წერეთელმა პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი რაიმე დანაშაულებრივ საქმიანობაში მონაწილეობას გამორიცხავს და მიაჩნია, რომ ბრალის არანაირი დასაბუთება საქმის მასალებში არ იქნება. წერეთელმა ასევე აღნიშნა, რომ საქმე საკმაოდ მოცულობითია და მტკიცებულებების გაცნობისთვის დრო სჭირდება. ამასთან როგორც ადვოკატი აღნიშნავს, რომ ავთანდილ წერეთელი საქართველოში რამდენიმე დღეში დაბრუნდება და მზადაა ჩამოსვლისთანავე გამოცხადდეს პროკურატურაში. შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს, "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ბრალი წარუდგინა. პროკურატურის განმარტებით, საქმე ეხება „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების მიერ "უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება".