ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში დევნილთა ცენტრის გახსნის ინიციატივით გამოდის. განცხადება სებასტიან კურცმა გამოცემა "ბილდთან" ინტერვიუში გააკეთა. ავსტრიელი დიპლომატი მიიჩნევს, რომ ახლო-აღმოსავლეთიდან და ჩრდილო აფრიკიდან იძულებით გადაადგილებული პირების განთავსების ცენტრები ევროკავშირის საზღვრებს გარეთ უნდა შეიქმნას, მაგალითად ეგვიპტეში, საქართველოში და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში.
საქართველოში მიგრანტთა განთავსების შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის, სებასტიან კურცის მოსაზრებას რუსეთში პირველი კომენტარები მოყვა. რუსეთში მიიჩნევენ, რომ საქართველოში მიგრანტების განთავსების იდეა, საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხის გათვალისწინებით, რუსეთის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.