ავსტრალია, რომელიც სამართლიანადაა მიჩნეული ყველაზე ეგზოტიკური ცხოველების სამშობლოდ, არა მხოლოდ კოალას და კენგურუს, არამედ უნიკალური გარეული ცხენის - ბრამბის მშობლიური სახლიცაა. მართალია, ბრამბი ველურ ცხოველად ითვლება, მაგრამ მისი წინაპარი ჩვეულებრივი შინაური ცხენი იყო, რომელმაც მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში, მხოლოდ ადგილობრივ ბუნებას მორგების და ცოცხლად გადარჩენის აუცილებლობით განიცადა ევოლუცია. 1850-იან წლებში, ოქროს ციებ-ცხელების ეპოქაში ავსტრალიის უკიდეგანო, გაუდაბნოებული მიწების სწრაფად და ეფექტურად ასათვისებლად, ევროპელმა კოლონიზატორებმა და ოქროს მაძიებლებმა კონტინენტზე ცხენებიც ჩამოიყვანეს, თუმცა, ვერ გაითვალისწინეს ადგილობრივი კლიმატის თავისებურებები, რამაც შეუძლებლად აქცია ცხენების მასიური მოშენება და ახალმოსახლეებიც იძულებული გახდნენ ყველაზე ერთგული, საიმედო "კომპანიონები" თავის ნებაზე მიეშვათ. სწორედ ერთ დროს შინაური, მერე კი, გაველურებული ცხენი ითვლება თანამედროვე ბრამბის წინაპრად, რომელმაც სახელიც შესაფერისი შეიძინა. სხვათაშორის, "ბრამბის", რაც ადგილობრივ დიალექტზე "ველურს" ნიშნავს, ავსტრალიელები ხშირად უწოდებენ ზარმაც, უსაქმურ ადამიანს, რომელიც ფუჭად ხარჯავს დროს და ცხოვრებას.ბრამბიმ, რომელიც ავსტრალიელი ზოოლოგების მტკიცებით, პირველ რიგში ანგლო-არაბულ მასიურ პერშერონს და ავსტრალიურ მეცხვარე ცხენს უნდა უმადლოდეს საკუთარ წარმომავლობას, სულ რაღაც 100 წელიწადში მოახერხა დამოუკიდებელ სახეობად ჩამოყალიბება და რამდენიმე, გარეგნული მახასიათებლებით აბსოლუტურად განსხვავებული ქვესახეობაც გააერთიანა საკუთარ ოჯახში.