ტყის ხანძარმა ავსტრალიის სანაპირო ქალაქ მალაკუტას მიაღწია, სადაც ათასობით ადგილობრივი და დამსვენებელი თავის გადასარჩენად წყალში შევიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს. გამოცემის ცნობით, სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს მუქი წითელი ცა, სრული სიბნელე და კვამლი.
გავრცელებული ინფორმაციით, ადამიანები, რომელთა შორის უმეტესობა ტურისტია, წყალში არიან შესულები სხვა სანაპირო ქალაქებშიც, მათ შორის ახალი სამხრეთ უელსის შტატის ქალაქ ბერნაგუიში. ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, გადაადგილებისგან თავი შეიკავონ, ვინაიდან ამჟამად ევაკუაცია ძალიან დაგვიანებული და სახიფათოა. დაკეტილია შტატ ვიქტორიას მთავარი მაგისტრალიც.
შტატის პრემიერმა დანიელ ანდრიუსმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის დაკარგულად ითვლება ოთხი ადამიანი. ავსტრალიაში ტყის ხანძარმა სექტემბრიდან დღემდე მილიონობით ჰექტარი ტერიტორია გაანადგურა. დაღუპულია 10 ადამიანი, მათ შორის 3 მოხალისე მეხანძრე.