ავსტრალიაში კურდღელი პირველად ინგლისელმა კოლონისტებმა შეიყვანეს, როგორც საკვები ხორცი. თავდაპირველად კურდღლები გალიებში ჰყავდათ. 1859 წელს კი ერთ-ერთმა მემამულემ ტომ ოსტინმა სხვადასხვა ჯიშის 24 კურდღელი თავის საკუთრებაში არსებულ პარკში გაუშვა, რათა მათზე ენადირა. მაგრამ ავსტრალია განსაკუთრებული კონტინენტია, ამიტომ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. კარგმა კლიმატმა, ბევრმა საკვებმა და ჯიშების აღრევამ შესანიშნავი პირობა შექმნა პოპულაციის მკვეთრი ზრდისთვის.
1900 წელს მწვანე კონტინენტზე ყურცქვიტების რაოდენობამ, რომლებსაც პრაქტიკულად, ბუნებრივი მტერი არ ჰყოლიათ, 20 მილიონს გადააჭარბა. ავსტრალიელი ეკოლოგების განცხადებით, კურდღლების დამსახურებით, მწვანე კონტინენტის ფლორა და ფაუნა თანდათან ღარიბდება. ავსტრალიაში გაქრობის პირასაა მცენარეთა რელიქტიური სახეობები და ცხოველთა ადგილობრივი ჯიშები, რომლებიც ყურცქვიტებს კონკურენციას ვერ უწევენ. ცნობისთვის, კურდღლის სიცოცხლის ხანგრძლივობა, დაახლოებით, 10 წელია. წელიწადში ოთხჯერ კი ერთი ყურცქვიტა 15-მდე ბაჭიას შობს.