ავღანეთში მომხდარ აფეთქებას 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულთა რიცხვი კი 30-ს აღემატება - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "როიტერსი" ავრცელებს. მათი განცხადებით, აფეთქება ფარვანის პროვინციის ქალაქ ჩარიკარიში იმ ტერიტორიასთან ახლოს მოხდა, სადაც ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას ხვდებოდა. აფეთქების შედეგად პრეზიდენტი ღანი არ დაშავებულა.
"მსხვერპლის უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქეები არიან. მათ შორის არიან ქალები და ბავშვებიც. გარდაცვლილთა რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს", - განაცხადა ადგილობრივი საავადმყოფოს ხელმძღვანელმა.
წინასწარი მონაცემებით, აფეთქება თვითკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.
საპრეზიდენტო არჩევნები ავღანეთში 28 სექტებერს გაიმართება. მანამდე "თალიბანის" წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ არჩევნების ჩაშლას შეეცდებიან.
შეგახსენებთ, რომ "თალიბანსა" და აშშ-ს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩაიშალა.