ავღანეთის პრეზიდენტის, აშრაფ ღანის განცხადებით, თალიბანთან სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელშეწყობის მიზნით, მისი მთავრობა მზად არის ახალი არჩევნების ჩატარების საკითხი განიხილოს. იგი ამასთან მოითხოვს, რომ ნებისმიერი ახალი მთავრობა ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის გზით უნდა მოვიდეს.
„ჩვენ მზად ვართ, რომ განვიხილოთ თავისუფალი, სამართლიანი და ინკლუზიური არჩევნების ჩატარების საკითხი საერთაშორისო საზოგადოების ხელშეწყობით. ჩვენ შეგვიძლია მოლაპარაკებები ვაწარმოოთ არჩევნების თარიღზე და მივაღწიოთ შეთანხმებას“, - განაცხადა აშრაფ ღანიმ.
როგორც „როიტერი“ წერს, გასულ კვირაში ღანი ქაბულში ავღანეთის საკითხებში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს, ზალმაი ხალილზადს შეხვდა. ავღანელი პოლიტიკოსებისა და დასავლელი დიპლომატების ინფორმაციით, ქაბულში შეხვედრისას ხალილზადმა დროებითი მთავრობის შექმნის იდეა წამოაყენა, თუმცა ღანიმ განაცხადა, რომ მთავრობის ფორმირება მხოლოდ არჩევნების გზით უნდა მოხდეს.