ავღანეთის მთავრობამ ბოლო 400 თალიბი პატიმრის გათავისუფლების პროცესი დაიწყო, რაც, სავარაუდოდ, გაჭიანურებული სამშვიდობო მოლაპარაკებების დასრულებას შეუწყობს ხელს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გუშინ საპატიმროდან კიდევ 80 პირი გაათავისუფლეს. „პატიმრების გათავისუფლებამ პირდაპირი მოლაპარაკებების დაჩქარებასა და მთელი ქვეყნის მასშტაბით ცეცხლის შეწყვეტას უნდა შეუწყოს ხელი,“- აღნიშნულია ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. აღსანიშნავია, რომ ავღანეთის ხელისუფლება თავდაპირველად აღნიშნული პატიმრების გათავისუფლებაზე უარს აცხადებდა, ვინაიდან ისინი სასჯელს სერიოზული დანაშაულებებისთვის იხდიან. თუმცა, რამდენიმე დღის წინ ავღანეთის უხუცესთა კრებამ მათ გათავისუფლებას მხარი დაუჭირა. ცნობისათვის, ავღანეთის მთავრობასა და „თალიბანს“ შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები ყატარში მას შემდეგ დაიწყება, რაც ციხეს ყველა თალიბი დატოვებს.