საქართველოს თავდაცვის ძალების ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“, ავღანეთში როტაციით მყოფი კონტიგენტიდან 28 სამხედრო მოსამსახურეს ტესტირებისას კოვიდვირუსი დაუდასტურდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისინი სპეციალური რეისით, გერმანიის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით, როტაციით გათვალისწინებულ ვადამდე რამდენიმე კვირით ადრე, საქართველოში ჩამოიყვანეს. მათ თან ახლდათ ექიმები და სხვა სამედიცინო პერსონალი ბუნდესვერის სხვადასხვა დანაყოფებიდან.
მკურნალი ექიმების განცხადებით, სამხედროების სამედიცინო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება სიმპტომატიკას, ის გართულებებისა და ჩივილების გარეშე მიმდინარეობს. ხოლო ინფიცირების წყარო, უკავშირდება ადგილობრივ ავღანელ პერსონალს.
უწყებაში აცხადებენ, რომ სხვა სამხედროების დაინფიცირების საფრთხე არ ემუქრებათ.