"აუდიტორია 115"-ის აქციაზე დაკავებული 5 პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. მათ ბრალად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენა ედებათ, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. „აუდიტორია 115“-ის ორგანიზებით აქცია-მსვლელობა 6 აპრილს გაიმართა. აქციის მონაწილეები ტყიბულში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ. შსს-ს ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა ილია ჭავჭავაძის გამზირიდან შოთა რუსთაველის გამზირამდე მსვლელობა მოაწყვეს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კი მათ საავტომობილო გზის გადაკეტვა მოისურვეს. პოლიციის მოწოდებას, შეეწყვიტათ მსგავსი ქმედება და არ შეეფერხებინათ ავტომანქანების გადაადგილება, ისინი არ დაემორჩილნენ, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 5 პირი დააკავეს.