სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავდაცვის სამინისტროში ქონების ეფექტიანობის მართვის კუთხით არსებულ ნაკლოვანებებზე მიუთითებს.
აუდიტის სამსახურმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უძრავი ქონების მართვის ეფექტიანობა შეისწავლა. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ბალანსზე არსებული ქონების შესახებ თავდაცვის სამინისტრო საკმარის და სათანადო ინფორმაციას არ ფლობს.
ანგარიშის თანახმად, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სამინისტროს ბალანსზე ირიცხებოდა 4,7 მილიარდი ლარის ღირებულების აქტივები. აქედან, უძრავი ქონების ღირებულება 1,7 მილიარდ ლარს აღემატებოდა, თუმცა არასათანადო აღრიცხვის გამო უწყება არ ფლობს სრულყოფილ ინფორმაციას მის მფლობელობაში არსებული ქონების შესახებ.